1. პროექტის სახელი: ,,ფუტკარი -როგორც აფთიაქარი...“
2. პროექტის მოკლე აღწერა: ფუტკარი უნიკალური მწერია. ფუტკრები მეტად საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ. ფუტკრის თაფლიც და შხამიც უებარი სამკურნალო საშუალებებია. განსაკუთრებულია თავისი თვისებებით ქართული ფუტკარი.
3. პროექტის ვრცელი აღწერა:
ფუტკრების ოჯახის შესწავლა,
მეფუტკრეობა,
ფუტკრის პროდუქტი (თაფლი,შხამი),
ქართული ფუტკარი.
პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტაპზე მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკისა და ისტ ტექნოლოგიების მეშვეობით, აგრეთვე სოფლებში გასვლით.
მეორე ეტაპზე ბავშვები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და მოძიებულ ინფორმაციას (თავისუფალი თემები, ნახატები, ფოტომასალა,ესეები).
მესამე ეტაპზე ბავშვები:
ა) იღებენ ინტერვიუებს მეფუტკრისაგან
ბ) ეწყობა ფილმების,პრეზენტაციების ჩვენება.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 6–17წ
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბრიდან 5-6 თვის განმავლობაში.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ:
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენები, პრეზენტაციები, ბლოგი, ჩანახატები, დღიურები, წიგნი.
8. სამუშაო ენა: ქართული,რუსული,ინგლისური
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნება, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
ქ. თბილისის მე-8 საჯარო სკოლა
ქ. თბილისის მე-14 საჯ. სკოლა.
მე-16 საჯარო სკოლა
32-ე საჯარო სკოლა
141 -ე საჯარო სკოლა
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაია ბარამიძე,ნატალი აბოვიანი, ეკა იმერლიშვილი
12. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: maiabaramidze@gmail.com
ekatokoma1@gmail.com
natali13abo@gmail.com
13.თანაავტორთა ჯგუფი:
14.პროექტის ფორუმი/დისკუსია: ,,ფუტკარი -როგორს აფთიაქარი...“(საცდელი პროექტი)
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.futkari.blogspot.com
Tuesday, October 28, 2008
Tuesday, October 21, 2008
ფუტკარი
ფუტკარი
ფუტკრები საზოგადოებად ცხოვრობენ. მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. თუ ფუტკარს თვისტომთ ჩამოაშორებთ, რამდენიმე საათში დაიღუპება.
ფუტკრის ოჯახს ერთადერთი დედა ფუტკარი ჰყავს, რომელიც დღე-ღამეში 1500-2000 კვერცხს ყრის ფიჭის უჯრედებში. პირველად დადებული კვერცხებიდან მუშა-ფუტკრები იჩეკებიან, მოგვიანებით კი მამალი ფუტკრები ჩნდებიან. ყოველ ოჯახში რამდენიმე ასეული მამალი ფუტკარია. მუშა-ფუტკრების, ამ ხელმოცარული დედა-ფუტკრების რაოდენობა კი ორმოც-ორმოცდაათ ათასამდე აღწევს.
მატლები, რომლიდანაც დედა-ფუტკრები უნდა განვითარდნენ განსაკუთრებულ საკვებს იღებენ. ესაა ფუტკრის რძე. სხვა მატლები კი ფუტკრის პურით, ე.წ. „პერგუთი“ იკვებებიან.
ნაყარის დროს ძველი დედა ფუტკარი სკას ტოვებს. მას სკის მობინადრეთა ნახევარი მიჰყვება. სკაში კი ახალი დედა ფუტკარი რჩება. ნაყარი მზვერავ ფუტკრებთან ერთად ახალი ბინის მოსაძებნად მიფრინავს.
შემოდგომაზე, სიცივეების დადგომის წინ ფუტკრები კლავენ ან სკიდან ერეკებიან მამალ ფუტკრებს, რადგან ზამთარში დედა-ფუტკარი კვერცხების დებას წყვეტს და მათი განაყოფიერებაც საჭირო აღარ არის. ამდენად, მამალი ფუტკრები უფუნქციოდ რჩებიან და მუქთამჭამელებად იქცევიან, მათ გამოკვებას კი ბევრი თაფლი სჭირდება. ზამთარში ფუტკრები გუნდასავით იკვრებიან და ასე ატარებენ ცივ დღეებს, თუმცა, თუ ფიჭაში თაფლი არის, სკაში ტემპერატურა განსაკუთრებული სიცივეების დროსაც კი 12-15°-ზე დაბლა არ ეცემა.
საკვების შესაგროვებლად ფუტკრები გზავნიან მზვერავებს, რომლებიც საგულდაგულოდ ეძებენ ნექტარით მდიდარ ადგილებს და მათ შესახებ თვისტომთ ატყობინებენ. ამისათვის სკაში დაბრუნებული მზვერავები უცნაურად მოძრაობენ, რასაც ადამიანები ფუტკრების ცეკვას უწოდებენ. მზვერავები საოცარი სიზუსტით გადასცემენ მუშა-ფუტკრებს საკვების ადგილმდებარეობას, აგრეთვე იმას, თუ რამდენი „საწვავი“ დაეხარჯებათ მათ იქ მისაღწევად. რადგან ცნობილია, რომ სკიდან გამოფრენამდე მუშა-ფუტკრები აუცილებლად იღებენ საზრდოდ გარკვეული რაოდენობის თაფლს, რათა ძალები მოიკრიბონ.
ფუტკრის ოჯახში შრომა განაწილებულია, თანაც მეტად უცნაურად. საქმე იმაშია, რომ სიცოცხლის მანძილზე ფუტკარი სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული. მაგალითად, ახალგაზრდა ფუტკარი მატლებს კვებავს და ზრდის, შემდგომში იგივე ფუტკარი სანთელს წარმოქმნის და მშენებლად იქცევა. მერე სანიტრის მოვალეობას ასრულებს, კიდევ უფრო გვიან სკის განიავების საქმეს ემსახურება, ღალის ასაღებად ფრენას კი სიცოცხლის დასასრულს იწყებს, მისი ეს საქმიანობა მხოლოდ სამ-ოთხ კვირას გრძელდება, სულ ბოლოს კი დარაჯის მოვალეობას ასრულებს.
ღალას ფუტკრები ყვავილებისგან იღებენ, მათ ასევე იზიდავს წყალი და სხვადასხვა ნივთიერებები, ზოგჯერ ნაკლებად კეთილშობილურიც. მოგროვილ ყვავილის მტვერს ისინი ფეხებზე იკრობენ და ასე ეზიდებიან სკაში.
ხშირად ფუტკრები სნეულდებიან სხვადასხვა პარაზიტებით, რომლებიც აღწევენ მათ სასუნთქ ორგანოებში, მაგრამ ფუტკრებს აქვთ უნარი, თავი განიკურნონ ასეთი სნეულებისაგან, რისთვისაც ძლიერ ანტიბიოტიკებს იყენებენ.
რაო? - იკითხავთ თქვენ. როგორ იყენებენ ფუტკრები ანტიბიოტიკებს? საქმე იმაშია, რომ, მათ მიერ შეგროვებული ყვავილების მტვერი ანტიბიოტიკებს შეიცავს. ამდენად, ფუტკრის სხეულში სხვადასხვა სახისა და სიძლიერის ანტიბიოტიკები გროვდება, რაც საჭიროების შემთხვევაში, გარეთაც გამოიყოფა. ეს ანტიბიოტიკები კლავს პარაზიტებს. ამასთან, ფუტკრის ეს თვისება განაპირობებს იმასაც, რომ სკაში ყოველთვის იდეალური სისუფთავეა. იქ არაფერი ობდება და ვერანაირი ბაქტერია ვერ ცოცხლობს. ფუტკარი თავისი ბრძნულად მოწყობილი სხეულით განწმენდს ყოველივეს, რასაც კი ეხება, ხოლო რაც არ განიწმინდება, სკიდან გამოაქვს. მაგრამ თუ სკაში ისეთი რამ მოხვდა, რისი გამოტანაც ფუტკრის ძალებს აღემატება? - ფუტკრებს არც ეს აშინებთ. ისინი მთლიანად ცვილით ფარავენ უცხო სხეულს, რის შემდეგაც ის ვეღარ იხრწნება და სკის სისუფთავეს საფრთხეს აღარ უქმნის.
დღემდე განცვიფრებას იწვევს ფუტკრების მიერ აშენებული ფიჭა, რომლის უჯრედებიც ზესტად ერთი ზომისა და ფორმის ექვსკუთხა ჯამებია. ამ ჯამებში ფუტკრები აგროვებენ თაფლს და ათავსებენ თავიანთ მატლებს. ფუტკრები სკაში რამოდენიმე ფიჭის დაფას აგებენ, რომლებიც ერთმანეთისაგან ზუსტად ერთნაირი მანძილითაა დაშორებული.
Subscribe to:
Posts (Atom)